X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ადგილმდებარეობა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის განვითრებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის

26 თებერვალი 2020

ინფრასტრუქტურის განვითარება არის აუცილებელი ფაქტორი და ამ თვალსაზრისით  გამოვყოფდი საგზაო ინფრასტრუქტურას, იმ საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს  ძალიან აქტიურად, მათ შორის 140 კმ საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა, საიდანაც 70 კმ გზის მშენებლობა დასრულდება  2020 წელს, რაც  ხელშესახები იქნება არა მარტო საერთაშორისო გადაზიდვების თვალსაზრისით, არამედ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“  საქართველოს როლზე გლობალურ ეკონომიკაში საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, დაახლოებით 5 მლრდ დოლარის ინვესტიცია იგეგმება საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობისთვის. მისი განცხადებით,  ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით,  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ  საერთაშორისო მაგისტრალებით მიმავალი სატრანზიტო ნაკადების დაკავშირება ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე  ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო კავშირებიც. 

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა რომ მთავრობა ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ დამატებითი კავშირებით მეზობელ ქვეყნებთან ინფრასტრუქტურის განვითარება იქცეს ვაჭრობის განვითარების   შესაძლებლობად. ევროკავშირის ქვეყნებთან დამყარდეს სამგზავრო, სატვირთო გადაზიდვები, საბორნე მიმოსვლა, ასევე გვქონდეს შეღავათიანი ტარიფები და გამართული პროცედურები.

,,ჩვენი გეგმაა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდეს ყველა ის საერთაშორისო მაგისტრალი რომელსაც  ვაშენებთ. ამასთან, ის იყოს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და  სწრაფი, რაც უზრუნველყოფს  გამტარუნარიანობასაც  სხვადასხვა  მოცულობების ტვირთებისთვის. ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ვახსენებ ანაკლიის პორტს, ასევე  სხვა პორტებსაც, რომელთა  გეგმებიც არსებობს,  ბუნებრივია არა მხოლოდ საგზაო, არამედ ასეთი ტიპის კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარება არის აუცილებელი,  რომ  ჩვენი გზებით მომავალ ტვირთებს ჰქონდეთ გასასვლელი ევროპაში და სხვა პარტნიორებთან.“

ვიცე-პრემიერმა, ასევე ისაუბრა  ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე  და  სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 
,,ჩვენი ადგილმდებარეობა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და  ეკონომიკური ზრდისთვის, ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის რათა დააფუძნონ ის სერვისები, განავითარონ ეკონომიკის ის დარგები, რომელიც უშუალოდ ეხება  ამ ტიპის სავაჭრო სატრანზიტო ტვირთების ან ვაჭრობის მომსახურებას, როგორიც არის ლოჯისტიკა, სხვადასხვა ტიპის სერვისები და ერთობლივი წარმოებები ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან და  ინვესტორებთან. 

ჩვენი სამინისტრო უზრუნველყოფს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას,  რასაც   მოაქვს შემდგომში განვითარება და შესაძლებლობები, როგორც ჩვენი ბიზნესისთვის ასევე უცხოური ინვესტიციებისთის და ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.